ხოხობი - ფრინველი „ფაზისიდან“
საქართველოში მობინადრე მშვენიერ ფრინველებს შორის ერთ-ერთი
პირველი ადგილი უკავია ხოხობს. მისი სილამაზე მრავალ პოეტს აქვს აღწერილი, ხალხურ გადმოცემებშიც
ბევრი ხოტბაა მის შესახებ შემონახული.
კოლხური ხოხობი |
სილამაზით განსაკუთრებით მამალი ხოხობი გამოირჩევა,
თუმცა დედალი ხოხობიც ძალიან ეშხიანი და ლამაზია.
მამალ ხოხობს თავი და კისერი მწვანე ფერის აქვს და ზედ
მუქი ლურჯი ელფერი გადაკრავს, თვალებს ირგვლივ მიდამო მუქი წითელია, სხეულის დანარჩენი
ნაწილიც ნაირგვარი ხასხასა ფერებითაა მორთულ-მოხატული.
ძველი ბერძნული მითის თანახმად, არგონავტებმა კოლხეთში
თავიანთი ცნობილი ლაშქრობის დროს, მრავალ განძეულთან ერთად, კოლხეთიდან თან წაიყვანეს
ხოხობიც და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აჩვენეს, რომელთაც მანამდე ეს ფრინველი ნანახი
არ ჰყავდათ.
დედალი და მამალი ხოხობი |
რადგან მათ მისი სახელის წარმოთქმა გაუჭირდებოდათ, ამ
უცხო ფრინველს „ფაზიანოსი“ დაარქვეს. ე.ი. ფრინველი ფაზისიდან.
საბერძნეთიდან ხოხობი ძველ რომში გადაიყვანეს... შემდეგ
ეს ფრინველი ცენტრალურ ევროპასა და დასავლეთ ევროპის სამხრეთ რაიონებშიც გავრცელდა.
ამგვარად, მას ყველა ევროპულ ენაზე „ფაზიანუ“ ან „ფაზან“ შერჩა. ასევეა მისი სახელწოდება რუსულ ენაში.
ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 15-მდე კვერცხს.
მისი კრუხობა 25 დღემდე გრძელდება. მართვეების აღზრდაზე კი მხოლოდ დედალი ხოხობი ზრუნავს.
„ამინდის ბიურო“
არსებობს მცენარე, რომელსაც „ამინდის ბიუროს“ ეძახიან.
იგი ჩვეულებრივი ბალახოვანი მცენარეა, სახელად კარლინა. მას მიწაზე გართხმული, დიდი და ძალიან დანაკვთული ფოთლები აქვს,
რომლებიც ისე სხედან მოკლე ღეროზე, თითქოს მიწაზე იყვნენ წამოწოლილი.
დასამტვერად გამზადებული ყვავილი მთლიანად იშლება, მისი
წვრილი და გრძელი ყვავილის ფურცლები ჰორიზონტალურ მდგომარეობას ღებულობენ, მზის გარშემო
სხივებით ლაგდებიან.
როგორც ვიცით,
ჩვეულებრივი ყვავილები გაიშლებიან და მოხდება განაყოფიერება, რის შემდეგაც ყვავილი
ჭკნება. კარლინას ყვავილი კი ხან გაშლილია, ხან კი - დახურული. ღამით მისი გვირგვინის
ფურცლები ზემოთ არის აწეული და ყვავილი გაუხსნელ კოკორს ემსგავსება.
ალბათ, გაგიჩნდებათ
კითხვა, რა იწვევს ღამით ყვავილის დახურვას და დღისით გახსნას? რა თქმა უნდა, სითბოსა
და სინათლის გავლენა. დაკვირვებით ისიც დაასკვნეს, რომ თუ კარლინას ყვავილი კარგად
არის გაშლილი და ფურცლები სხივების მსგავსად არის დალაგებული, კარგ ამინდს უნდა ველოდეთ,
ხოლო თუ გახსნილი ყვავილები დღისით ისევ დაიხურა, ამინდის გაუარესება ან წვიმაა მოსალოდნელი.
კაკადუ
კაკადუ ავსტრალიის ბინადარი, ყვითელქოჩრიანი თუთიყუშია.
იგი ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ჰყავთ, როგორც შინაური ფრინველი. კაკადუები
მრავალრიცხოვან გუნდებად ცხოვრობენ.
სახელგანთქმულ მეცნიერს, კონრად ლორენცს ჰყავდა თუთიყუშის
ეს სახეობა. თუმცა მეცნიერს იგი გალიაში არ ჰყავდა გამომწყვდეული. თუ კაკადუ შორს გაფრინდებოდა,
საკმარისი იყო მისთვის მოეხმოთ, იგი სასწრაფოდ მორჩილად უკან ბრუნდებოდა და თავის პატრონს
ხელზე აჯდებოდა.
კაკადუ, სხვა თუთიყუშების მსგავსად კარგად ბაძავს ადამიანის
ხმას. იგი, ჩვეულებრივ, ბუდეს ხის ფუღუროში აკეთებს, მიწიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.
საკვების მოსაპოვებლად კაკადუ ბუდიდან შორს მიფრინავს,
მაგრამ ამის მიუხედავად საკუთარ ბუდეს იოლად პოულობს.
მამრი და მდედრი
კაკადუ კვერცხებზე მონაცვლეობით სხდებიან, რათა ერთმანეთს გამოკვების საშუალება მისცენ.
ბარტყები კი ერთი თვის შემდეგ იჩეკებიან. შემდეგი ერთი თვე მასზე მშობლები ზრუნავენ მხოლოდ
ამის შემდეგ ტოვებენ ისინი მშობლიურ ბუდეს. როგორც წესი, კაკადუებს ორი ბარტყი ჰყავთ. ბარტყებს ნისკარტი ხორცისფერი აქვთ და არა
შავი, როგორც ზრდასრულ ფრინველებს.
კაკადუ კეთილგანწყობილი
ფრინველია, მაგრამ თუ მის ბუდეს რაიმე საფრთხე ემუქრება, იგი უყოყმანოდ თავს ესხმის
ნებისმიერ ცხოველს.
მშვიდ მდგომარეობაში
კაკადუს ქოჩორი დაშვებული აქვს. როცა მას თავს ესხმიან, იგი ფრთებს წევს და ქოჩორი
ყალყზე უდგება. სხვა თუთიყუშების მსგავსად კაკადუ იკვებება ხილითა და მზესუმზირით.
გალიაში კაკადუ
ას წელზე მეტ ხანს ცოცხლობს.
სამხრეთ ავსტრალიაში
ბინადრობს ასევე შავი კაკადუც, რომელიც ყვითელქოჩრიანი კაკადუსაგან მხოლოდ შეფერილობით
განსხვავდება.